დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ვარგისიანობის ვადა: შეიძლება თუ არა ვადის გასვლის შემდეგ სურსათის მირთმევა?

სურსათის შეძენისას მომხმარებლების უმეტესობა შეფუთვაზე მითითებულ ვადას ამოწმებს. თუმცა, რამდენად კარგად გვესმის:

  • რას ნიშნავს ეს თარიღი?
  • შეიძლება თუ არა პროდუქტის მიღება იმ დღეს, როდესაც ვადა ეწურება?
  • რა ხდება მეორე დღეს?
  • ყველა ვადაგასული პროდუქტი საშიშია თუ ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ხარისხს კარგავს?

ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ სიტყვებში „ვარგისიანობის ვადა“ არ უნდა ვეძებოთ. სურსათის მეცნიერებაში მნიშვნელოვანია განვასხვავოთ სურსათის უვნებლობა და ხარისხი, ასევე გავითვალისწინოთ პროდუქტის ტიპი, შენახვის პირობები, შეფუთვის მდგომარეობა და ეტიკეტზე მითითებული კონკრეტული თარიღის მნიშვნელობა.

„ვადა“ ყოველთვის ერთსა და იმავეს არ ნიშნავს სურსათის ეტიკეტზე მითითებული თარიღები მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელოვანი საშუალებაა, თუმცა სხვადასხვა ტიპის თარიღს განსხვავებული დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სააგენტო (EFSA) განმარტავს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება „Best Before“ და „Use By“ აღნიშვნებს შორის. „Best Before“ - „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს...-მდე“ ძირითადად დაკავშირებულია პროდუქტის ხარისხთან. ეს თარიღი მიუთითებს პერიოდზე, რომლის განმავლობაში მწარმოებელი ელოდება, რომ პროდუქტი სათანადო შენახვის პირობებში შეინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ხარისხს - გემოს, არომატს, ტექსტურას და სხვა თვისებებს. ამისგან განსხვავებით „Use By“ - „გამოიყენეთ ...-მდე“ აღნიშვნა გამოიყენება იმ პროდუქტებისთვის, რომელთა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხმარებამ შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საფრთხე შექმნას. ასეთ შემთხვევებში თარიღი უშუალოდ დაკავშირებულია სურსათის უვნებლობასთან. EFSA-ს მიხედვით, „Use By“ თარიღის მქონე პროდუქტები, როგორც წესი, მალფუჭებადი სურსათია, მაგალითად, ზოგიერთი ახალი ხორცი, თევზი და მზა საკვები. ასეთი პროდუქტის მითითებული თარიღის შემდეგ მოხმარება რეკომენდებული არ არის, მაშინაც კი, თუ პროდუქტი ნორმალურად გამოიყურება.

რატომ შეიძლება საშიში იყოს პროდუქტი, რომელიც კარგად გამოიყურება?

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა მოსაზრება: „თუ ცუდი სუნი არ აქვს და გარეგნულად ნორმალურია, ე.ი. უსაფრთხოა.“ სურსათის მიკრობიოლოგია ადასტურებს, რომ ეს სულაც არ არის სიმართლე. ზოგიერთი პათოგენური მიკროორგანიზმი შეიძლება საკვებში არსებობდეს ისე, რომ პროდუქტის სუნი, გემო ან გარეგნობა შესამჩნევად არ შეცვალოს. მაგალითად, Listeria monocytogenes, Salmonella და ზოგიერთი პათოგენური Escherichia coli შეიძლება განვითარდეს ან არსებობდეს პროდუქტში ისე, რომ მომხმარებელმა დაბინძურება ორგანოლეპტიკური ნიშნებით ვერ აღმოაჩინოს.

სწორედ ამიტომ მალფუჭებადი პროდუქტის უსაფრთხოების შეფასება მხოლოდ „შევხედოთ და დავყნოსოთ“ პრინციპით არ შეიძლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Listeria monocytogenes-ის შემთხვევაში. ამ ბაქტერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა ის, რომ მას შეუძლია გარკვეულ პირობებში, მათ შორის მაცივრის ტემპერატურაზე გამრავლება. ამიტომ, მაცივარში შენახვა ყველა მიკრობიოლოგიურ რისკს ავტომატურად არ აღმოფხვრის.

პროდუქტის გახსნის დრო

მწარმოებელმა შეიძლება მიუთითოს, მაგალითად: „გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ 3 დღის განმავლობაში“. ეს რეკომენდაცია შემთხვევით არ არის განსაზღვრული. შეფუთვის გახსნის შემდეგ პროდუქტი შეიძლება მოხვდეს ჰაერთან, ხელებთან, სამზარეულოს ზედაპირებთან და სხვა წყაროებთან კონტაქტში, რაც ზრდის დაბინძურების რისკს. ამიტომ მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ძირითადი თარიღი, ისე გახსნის შემდეგ გამოყენების პერიოდი.

შეიძლება თუ არა პროდუქტის გაყინვა ვადის გასვლამდე?

ზოგიერთ შემთხვევაში გაყინვა შეიძლება იყოს კარგი საშუალება პროდუქტის შენახვის პერიოდის გასახანგრძლივებლად, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია დრო.

თუ პროდუქტი გაყინულია იმ პერიოდში, როდესაც ის ჯერ კიდევ უსაფრთხოა და დაცულია შესაბამისი პირობები, გაყინვამ შეიძლება შეაფერხოს მიკროორგანიზმების ზრდა. მაგრამ გაყინვა არ უნდა განვიხილოთ როგორც დაბინძურებული ან უკვე გაფუჭებული პროდუქტის „გამოსწორების“ მეთოდი. გაყინვა მრავალი მიკროორგანიზმის გამრავლებას აფერხებს, მაგრამ ყველა მიკროორგანიზმს არ ანადგურებს. გალღობის შემდეგ გარკვეულ პირობებში ისინი კვლავ შეიძლება გააქტიურდნენ და გამრავლდნენ. ამიტომ, პრინციპი მარტივია: გაყინვა არ აქცევს უკვე სახიფათო პროდუქტს უსაფრთხო პროდუქტად.

ვადაგასული პროდუქტი ყოველთვის უნდა გადავყაროთ?

აქ პასუხი პროდუქტის ტიპზეა დამოკიდებული. თუ პროდუქტზე მითითებულია „Use By“, მისი თარიღის გასვლის შემდეგ მოხმარება სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით არ არის რეკომენდებული. თუ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულია „Best Before“, თარიღის გასვლის შემდეგ პროდუქტი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის სახიფათოა. თუმცა, მომხმარებელმა უნდა შეაფასოს პროდუქტის შენახვის პირობები, შეფუთვის მთლიანობა და მწარმოებლის ინსტრუქციები.

მაგალითად, მშრალი ბურღულეულის ან ზოგიერთი კონსერვირებული პროდუქტის შემთხვევაში მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს ხარისხის გაუარესება და არა მიკრობიოლოგიური საფრთხის ავტომატური წარმოქმნა.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ პროდუქტის სუნის, გემოს ან გარეგნობის შეფასება საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ იგი უსაფრთხოა.

რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა?

სურსათის შეძენისა და სახლში შენახვისას მომხმარებელმა რამდენიმე მარტივი პრინციპი უნდა დაიცვას:

  • ყოველთვის შეამოწმოს ეტიკეტზე მითითებული თარიღი;
  • გაარკვიოს, აღნიშნული თარიღი ხარისხს ეხება თუ უსაფრთხოებას;
  • დაიცვას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული შენახვის ტემპერატურა;
  • ყურადღება მიაქციოს პროდუქტის გახსნის შემდეგ გამოყენების ინსტრუქციას;
  • არ დატოვოს მალფუჭებადი საკვები ოთახის ტემპერატურაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
  • არ დაეყრდნოს ოგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს: სუნს, გემოს ან გარეგნობას პროდუქტის უსაფრთხოების შესაფასებლად;
  • განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს მალფუჭებადი და მზა საკვების შეძენის დროს;

დასკვნა

ვარგისიანობის თარიღი მომხმარებლისთვის უბრალოდ შეფუთვაზე დაბეჭდილი ციფრები არ არის. იგი წარმოადგენს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომლის სწორად გაგებაც მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთავარი განსხვავება, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს, არის „Best Before“ და „Use By“ აღნიშვნებს შორის. პირველი ძირითადად პროდუქტის ხარისხთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორე - უსაფრთხოებასთან. ამასთან, სურსათის უსაფრთხოება მხოლოდ თარიღით არ განისაზღვრება. მნიშვნელოვანია პროდუქტის ტიპი, შენახვის ტემპერატურა, ცივი ჯაჭვის დაცვა, შეფუთვის მდგომარეობა, გახსნის შემდეგ გასული დრო და მწარმოებლის ინსტრუქციები.

 

გამოყენებული წყაროები:

  • European Food Safety Authority (EFSA). (2020). Food date labelling: “best before” and “use by” dates. EFSA.
  • European Food Safety Authority (EFSA). Scientific opinion on the evaluation of the need for a quantitative microbiological risk assessment for foodborne pathogens and food shelf-life.
  • Codex Alimentarius Commission. (2022). General Principles of Food Hygiene CXC 1-1969. FAO/WHO.
  • World Health Organization (WHO). (2006). Five Keys to Safer Food Manual. World Health Organization.
  • U.S. Food and Drug Administration (FDA). Food Product Dating. U.S. Food and Drug Administration.
  • U.S. Department of Agriculture (US
  • DA), Food Safety and Inspection Service (FSIS). Food Product Dating. USDA.
  • Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO). Publications and guidance on food loss, food waste and food safety. 
ვარგისიანობის ვადა: შეიძლება თუ არა ვადის გასვლის შემდეგ სურსათის მირთმევა?