წარმოიდგინეთ თაროზე ორი მსგავსი ქილა. ერთზე დიდი ასოებით წერია „ნატურალური“, მეორეზე - არაფერი. პირველი გაცილებით ძვირია, ვიდრე მეორე. კითხვა მარტივია: რაში იხდის მომხმარებელი ამ სხვაობას პროდუქტში თუ სიტყვაში?
„ორგანული“, „ბიო“, „ეკო“ - სამი სიტყვა, ერთი მნიშვნელობა.
ეს სამეული ერთმანეთის სინონიმებია და კანონით დაცული ტერმინებია. ევროკავშირში 2022 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს რეგულაცია (EU) 2018/848, რომელიც ადგენს ორგანული წარმოების წესებს. გადამუშავებულ სურსათს „ორგანულის“ წარწერა მხოლოდ მაშინ ეკუთვნის, თუ სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ინგრედიენტების სულ მცირე 95% (წონით) ორგანულია; გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება კი სრულად აკრძალულია.
საქართველოშიც ანალოგიური ლოგიკა მოქმედებს: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კოდექსი და მთავრობის დადგენილება „ბიოწარმოების შესახებ“ კრძალავს ეტიკეტზე ტერმინების „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ ნებისმიერი კომბინაციის გამოყენებას, თუ პროდუქტი შესაბამისად არ არის სერტიფიცირებული. სერტიფიცირება ნებაყოფლობითია, მაგრამ თუ სიტყვს ეტიკეტზე მიუთითებთ, წესების დაცვა სავალდებულო ხდება.
აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოება : „ორგანული“ აღწერს წარმოების მეთოდს და არა პროდუქტის გემოს, კალორიულობას ან სიჯანსაღეს.
„ნატურალური“ - თითქმის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე
აქ სურათი სრულიად სხვაა. აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) დღემდე არ მიიღო ტერმინ „ნატურალურის“ ფორმალური სამართლებრივი განმარტება. მას აქვს მხოლოდ არასავალდებულო პოზიცია: პროდუქტში არ უნდა იყოს დამატებული ხელოვნური ან სინთეზური ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად სურსათში არ არის წარმოდგენილი. თავად უწყება აღნიშნავს, რომ ეს პოზიცია არ ეხება არც წარმოების მეთოდებს (მაგალითად, პესტიციდების გამოყენებას), არც გადამუშავების ტექნოლოგიებს.
რას ამბობს კვლევები ჯანმრთელობაზე?
ეს ყველაზე საკამათო ნაწილია და პასუხი კომპლექსურია.
კვებითი ღირებულება. სტენფორდის უნივერსიტეტის 2012 წლის მიმოხილვამ ვერ იპოვა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ორგანული საკვები უფრო ჯანსაღია. სამაგიეროდ, მასში პესტიციდების ნარჩენების და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების აღმოჩენის ალბათობა შედარებით დაბალია
შემადგენლობა. 2014 წლის მეტაანალიზმა (343 კვლევა, British Journal of Nutrition) აჩვენა, რომ ორგანულ კულტურებში მეტია ანტიოქსიდანტები/პოლიფენოლები, დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებია პესტიციდის ნარჩენები და თითქმის განახევრებულია კადმიუმის შემცველობა. თუმცა იმის მტკიცებულება, რომ ეს სხვაობა რეალურ გრძელვადიან ჯანმრთელობის გარანტიაა, ჯერჯერობით სუსტია.
დაავადებები. საფრანგეთის NutriNet-Santé-ს კვლევამ (69 000 მონაწილე, JAMA Internal Medicine, 2018) აღმოაჩინა კავშირი ორგანული საკვების ხშირ მოხმარებასა და კიბოს დაბალ რისკს შორის. ეს დაკვირვებითი კვლევაა: ვინც ორგანულს ყიდულობს, როგორც წესი, უფრო მეტ ბოსტნეულს ჭამს, ნაკლებს ეწევა და უფრო შეძლებულია. ავტორები თავადვე აფრთხილებენ, რომ მიზეზობრიობა დადასტურებული არ არის.
მითი: „ორგანული ნიშნავს პესტიციდების გარეშე“
არა. ორგანულ მეურნეობაში ნებადართულია ბუნებრივი წარმოშობის პესტიციდები სპილენძის სულფატი, პირეთრინი, სპინოზადი. სპილენძი, მაგალითად, ნიადაგში გროვდება და წყლის ორგანიზმებისთვის ტოქსიკურია. „ბუნებრივი“ არ ნიშნავს „უწყინარს“.
ფსიქოლოგია: რატომ გვჯერა ამ სიტყვების
ადამიანებს აქვთ სტაბილური მიკერძოება ბუნებრიობის სასარგებლოდ. კვლევები აჩვენებს, რომ ეს უპირატესობა მხოლოდ სარგებლის რაციონალურ შეფასებას არ ეფუძნება, ის ნაწილობრივ ესთეტიკური და მორალურია. ამიტომაც გვავიწყდება, რომ ამანიტა, აფლატოქსინი და სოლანინი სრულიად ბუნებრივი ნივთიერებებია.
არსებობს მეორე ეფექტიც. ექსპერიმენტში, სადაც ერთი და იმავე ნამცხვარს ხან „ორგანულს“ უწოდებდნენ, ხან არა, მონაწილეები „ორგანულ“ ვერსიას ნაკლებკალორიულად აფასებდნენ და თვლიდნენ, რომ მისი ჭამა დასაშვები და სასარგებლოც კია. ეტიკეტმა შეიძლება კვების ჩვევები გააუარესოს.
გარემო: უპირატესობა ჰექტარზე, არა ყოველთვის კილოგრამზე
მეცნიერული კონსენსუსი დაახლოებით ასეთია: ერთ ჰექტარზე გათვლით ორგანული მეურნეობა ჩვეულებრივ უკეთესია, მეტი ბიომრავალფეროვნება, უფრო მდიდარი ნიადაგი, ნაკლები ნიტრატული ჩამონადენი. მაგრამ მისი მოსავლიანობა საშუალოდ 19–25%-ით დაბალია, ამიტომ ერთ კილოგრამ პროდუქტზე გადათვლისას უპირატესობა ხშირად ქრება ან ქრება მთლიანად, რადგან იმავე მოცულობის საწარმოებლად მეტი მიწაა საჭირო.
რა უნდა ვნახოთ ეტიკეტზე
ეძებეთ სერტიფიკატი, არა ზედსართავი. რეალურ ორგანულ პროდუქტს აქვს მაკონტროლებელი ორგანოს ლოგო და კოდი.
„ნატურალური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ფერმერული“- ტერმინების მითითება ეტიკეტზე სერტიფიკატის გარეშე მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია.
წაიკითხეთ შემადგენლობა უკანა მხარეს. შაქრის, მარილისა და ცხიმის რაოდენობა უფრო მეტს გეტყვით პროდუქტის შესახებ, ვიდრე წინა მხარეს მითითებული ნებისმიერი სიტყვა.
გამოყენებული წყაროები