სურსათის ფალსიფიკაცია თანამედროვე სურსათის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), Codex Alimentarius-ისა და ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) შეფასებით, ფალსიფიკაცია არ წარმოადგენს მხოლოდ ეკონომიკურ დანაშაულს, არამედ რიგ შემთხვევებში ის პირდაპირ უკავშირდება მომხმარებლის ჯანმრთელობის რისკებს, რადგან შესაძლებელია პროდუქტის შემადგენლობაში აღმოჩნდეს არადეკლარირებული ინგრედიენტები, ალერგენები, დაუშვებელი დანამატები ან დაბალი ხარისხის ნედლეული. გლობალიზაციისა და საერთაშორისო ვაჭრობის ზრდასთან ერთად, გაყალბებული სურსათის გამოვლენა და პრევენცია კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
სურსათის ფალსიფიკაცია გულისხმობს პროდუქტის განზრახ შეცვლას, ჩანაცვლებას ან არასწორად წარდგენას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. ეს შეიძლება გამოიხატოს ძვირადღირებული ინგრედიენტის იაფით ჩანაცვლებაში, პროდუქტის წარმოშობის ქვეყნის ან გეოგრაფიული აღნიშვნის გაყალბებაში, ეტიკეტზე მცდარი ინფორმაციის მითითებაში, პროდუქტის შემადგენლობის შეცვლაში ან ისეთი ინგრედიენტების დამატებაში, რომლებიც არ არის დეკლარირებული. ყველაზე ხშირად ფალსიფიცირებული პროდუქტებია თაფლი, ზეითუნის ზეთი, სანელებლები, ყავა, ჩაი, რძის პროდუქტები, ღვინო, თევზეული და ხორცპროდუქტები.
ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ფალსიფიკაცია გულისხომბს თანხას გადახდას იმ პროდუქტისათვის, რომელიც რეალურად არ შეესაბამება მის მოლოდინს ან ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. თუმცა, პრობლემა მხოლოდ ფინანსური ზარალით არ შემოიფარგლება. გაცილებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის რისკები. მაგალითად, თუ პროდუქტი შეიცავს არადეკლარირებულ ალერგენებს, ეს შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს. ანალოგიურად, არაკონტროლირებადი წარმოების პირობებში დამზადებული პროდუქტები შესაძლოა დაბინძურებული სხვადასხა ქიმიური ნივთიერებებით, ამასთან იზრდება მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკი. მომხმარებელი ასეთ შემთხვევაში ვერ იღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას, რადგან მისთვის მიწოდებული ინფორმაცია მცდარია.
მსოფლიოში არაერთი შემთხვევა ადასტურებს, რომ სურსათის ფალსიფიკაცია შეიძლება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემად იქცეს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი 2008 წელს ჩინეთში გამოვლენილი მელამინით დაბინძურებული რძის სკანდალია, როდესაც რძეში ცილის შემცველობის ხელოვნურად გაზრდის მიზნით მელამინი დაამატეს. შედეგად ასობით ათასი ბავშვი დაავადდა, ხოლო ათასობით მათგანს თირკმლის მძიმე დაზიანება განუვითარდა. ეს შემთხვევა დღემდე განიხილება, როგორც სურსათის ფალსიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა.
საქართველოში სურსათის ფალსიფიკაციის პრევენცია რეგულირდება „სურსათის/ცხოველის საკვების უსაფრთხოების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სურსათის ეტიკეტირების, მომხმარებლის ინფორმირების და ოფიციალური კონტროლის შესახებ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების, ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიული კვლევების საშუალებით ამოწმებს, შეესაბამება თუ არა პროდუქტი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია გასცეს სავალდებულო მითითებები, დააკისროს ადმინისტრაციული სანქციები, შეზღუდოს ან აკრძალოს პროდუქტის რეალიზაცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ბაზრიდან ამოღება და მომხმარებლის ინფორმირება.
მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის საშუალება პროდუქტის ეტიკეტის ყურადღებით წაკითხვაა. აუცილებელია შემოწმდეს მწარმოებლის დასახელება, წარმოშობის ქვეყანა, ინგრედიენტების ჩამონათვალი, შენახვის პირობები, წარმოებისა და ვარგისობის თარიღები, პარტიის ნომერი და სხვა სავალდებულო ინფორმაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შეესაბამებოდეს თავად პროდუქტს. მაგალითად, თუ პროდუქტი წარმოდგენილია როგორც „ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი (Extra virgin olive oil )“, „ნატურალური თაფლი“ ან „100% არაბიკა“, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დარწმუნდეს, რომ ეს ინფორმაცია არ არის შეცდომაში შემყვანი.
ფასი ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი ინდიკატორი იყოს. თუ ძვირადღირებული პროდუქტი საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად იაფია, ეს ყოველთვის არ ნიშნავს ფალსიფიკაციას, თუმცა მომხმარებელმა დამატებითი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით აქტუალურია ზეითუნის ზეთის, თაფლის, ძვირადღირებული სანელებლების, ყავისა და ზღვის პროდუქტების შემთხვევაში. ასეთ დროს რეკომენდებულია პროდუქტის შეძენა მხოლოდ სანდო სავაჭრო ობიექტებიდან, სადაც დაცულია მიკვლევადობისა და შენახვის მოთხოვნები.
თანამედროვე ტექნოლოგიები მომხმარებელს დამატებით შესაძლებლობებსაც აძლევს დარწმუნდეს პროდუქტის სანდოობაში. ზოგიერთი მწარმოებელი იყენებს QR კოდებს, სერიულ ნომრებსა და ციფრული მიკვლევადობის სისტემებს, რომლებიც პროდუქტის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას იძლევა.
თუ მომხმარებელს გაუჩნდა ეჭვი, რომ შეძენილი პროდუქტი გაყალბებულია ან ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, სასურველია შეინახოს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. დროული შეტყობინება ხელს უწყობს შესაძლო დარღვევების გამოვლენასა და მყისიერ აღმოფხვრას.
ასევე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, სურსათის ფალსიფიკაცია მხოლოდ მწარმოებლისა და მაკონტროლებელი ორგანოების პრობლემა არ არის. უსაფრთხო ბაზრის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი თავად მომხმარებელსაც ეკისრება. ინფორმირებული არჩევანი, ეტიკეტის ყურადღებით წაკითხვა, სანდო რეალიზატორების შერჩევა და საეჭვო შემთხვევების შეტყობინება მნიშვნელოვნად ამცირებს იმის ალბათობას, რომ გაყალბებული პროდუქტი ფართოდ გავრცელდეს. სწორედ სახელმწიფოს, ბიზნესისა და მომხმარებლის ერთობლივი პასუხისმგებლობა ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ბაზარზე განთავსებული სურსათი არა მხოლოდ ხარისხიანია, არამედ უსაფრთხოც.