საქართველოში ტერმინი ,,შაქრის გარეშე” რეგულირდება მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №510 დადგენილებით, რომელიც ძალაში 2018 წლის 01 მარტიდან შევიდა და ევროკავშირის რეგულაცია (EC) №1924/2006-ის იდენტურია. დანართი №1 ზუსტად ადგენს შემდეგ ტერმინებს:
როგორც განმარტებიდან ირკვევა ,,უშაქრო” სულაც არ ნიშანავს რომ პროდუქტი შაქარს არ შეიცავს, მასში უბრალოდ შაქრის მცირე რაოდენობაა გამოყენებული.
თუ მწარმოებელმა რაფინირებული შაქარი არ გამოიყენა წარმოებაში, თუმცა ის არაფერს ამბობს პროდუქტში უკვე არსებული შაქრის რაოდენობაზე. კლასიკური მაგალითია 100%-იანი ხილის წვენი. მასში შაქარი დამატებული არ არის, მაგრამ 100 მლ-ში შეიძლება 10 გ-მდე ბუნებრივი შაქარი იყოს , თითქმის იმდენივე, რამდენიც გაზიან სასმელში. მეტაბოლურად ჭიქა წვენი და ჭიქა გაზიანი სასმელი ორგანიზმისთვის ჰგავს ერთმანეთის უფრო მსგავსია, ვიდრე ეტიკეტებიდან ჩანს. ამიტომაც მოითხოვს რეგულაცია მითითებას ბუნებრივი შაქრების შესახებ, ეს ფრაზა სწორედ ამ გაუგებრობის აღსაკვეთადაა შემოღებული, თუმცა ის, როგორც წესი, პატარა ასოებით, უკანა მხარესაა მითითებული.
თუ შაქარი არ არის გამოყენებული, მაშინ რატომ არის პროდუქტი ტკბილი?
აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დამატკბობლები. შაქრის შემცირების ან მისი საერთოდ ჩანაცვლების მიზნით საკვებისა და სასმელების მწარმოებლები იყენებენ სხვადასხვა დამატკბობელს. მათ შორისაა როგორც ინტენსიური დამატკბობლები, მაგალითად ასპარტამი, სუკრალოზა, აცესულფამ-K და სტევიოლის გლიკოზიდები, ასევე შაქრის სპირტები, როგორიცაა ქსილიტოლი და სორბიტოლი. მათი გამოყენების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთი დამატკბობელი შაქარზე გაცილებით უფრო ტკბილია და შესაბამისად, პროდუქტის დასატკბობად გაცილებით მცირე რაოდენობაა საჭირო.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) 2023 წლის რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ არაშაქრიანი დამატკბობლების გამოყენება სხეულის მასის ხანგრძლივი კონტროლის მიზნით არ უნდა ჩაითვალოს ეფექტურ სტრატეგიად. WHO-მ რეკომენდაცია შეიმუშავა იმ კვლევებზე, რომლებმაც აჩვენა, რომ გრძელვადიან პერიოდში დამატკბობლების გამოყენებას სხეულის წონის შემცირების მნიშვნელოვანი სარგებელი არ გააჩნია. თუმცა გასათვალისწინებელი, რომ WHO-ს რეკომენდაცია არ ეხება დიაბეტის მქონე ადამიანებს ან უკვე დიაგნოსტირებული დაავადებების მართვას და არ ნიშნავს, რომ ყველა დამატკბობელი კონკრეტულ რაოდენობაში აუცილებლად საშიშია. მათი უსაფრთხოება დამოკიდებულია კონკრეტულ ნივთიერებაზე და დასაშვებ დღიურ მიღებაზე.
„შაქრის გარეშე“ ნიშნავს თუ არა „ჯანსაღს“?
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა. პროდუქტის კვებითი ღირებულება მხოლოდ შაქრის შემცველობით არ განისაზღვრება. „შაქრის გარეშე“ ორცხობილა, შოკოლადი ან სხვა დესერტი შეიძლება მაინც შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცხიმს, გაჯერებულ ცხიმებს და მარილებს, შესავამისად სულაც არ არის პროდუქტი დაბალკალორიული. მაგალითად, თუ მწარმოებელი პროდუქტიდან შაქარს ამცირებს, მას შეიძლება დასჭირდეს სხვა ინგრედიენტების გამოყენება სასურველი გემოსა და ტექსტურის შესანარჩუნებლად. ამიტომ მომხმარებელმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ერთი კონკრეტული ინგრედიენტის შემცირება ავტომატურად ნიშნავს მთელი პროდუქტის კვებითი ღირებულების გაუმჯობესებას.ამ საკითხზე მნიშვნელოვანი დასკვნა აქვს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA)-ს: ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი საკვები ნივთიერების შემცირება, არამედ მთლიანი რაციონის ხარისხი და ენერგიის მიღება.
შეიძლება თუ არა „უშაქრო“ პროდუქტმა სისხლში შაქრის დონეზე გავლენა მოახდინოს?
დიახ, ეს შესაძლებელია, რადგან ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ეტიკეტზე სიტყვა „შაქარი“ არ არის. მაგალითად, პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს სახამებელს ან სხვა ნახშირწყლებს, რომლებიც ორგანიზმში გლუკოზად გარდაიქმნება. ამიტომ დიაბეტის ან გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქტის საერთო ნახშირწყლების რაოდენობის გათვალისწინება და არა მხოლოდ „შაქრის“ მაჩვენებლის ნახვა. ამასთან, ყველა დამატკბობელი ერთნაირად არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეზე. სწორედ ამიტომ მათი შეფასება კონკრეტული ნივთიერების მიხედვით უნდა მოხდეს.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ეტიკეტზე?
მომხმარებლისთვის ყველაზე მარტივი და პრაქტიკული მიდგომაა პროდუქტის შეძენისას რამდენიმე ინფორმაციის ერთდროულად შემოწმება. პირველ რიგში, ნახეთ ნახშირწყლებისა და შაქრების რაოდენობა 100 გ ან 100 მლ პროდუქტზე. შემდეგ შეამოწმეთ ინგრედიენტების ჩამონათვალი და მოძებნეთ გამოყენებული დამატკბობლები. ასევე მნიშვნელოვანია პორციის ზომა. მაგალითად, თუ სასმელი შეიცავს მცირე რაოდენობის შაქარს 100 მლ-ზე, მაგრამ ადამიანი ერთდროულად 500 მლ-ს სვამს, რეალურად მიღებული რაოდენობა ხუთჯერ მეტი იქნება.
საბოლოოდ, უნდა მოვერიდოთ თუ არა „შაქრის გარეშე“ პროდუქტებს?
მთავარი საკითხი მათი ავტომატურად „კარგ“ ან „ცუდ“ პროდუქტებად დაყოფა არ არის. შაქრის შემცირებული ან დამატებული შაქრის გარეშე პროდუქტები შეიძლება გარკვეულ სიტუაციაში სასარგებლო ალტერნატივა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი არჩევა ადამიანს ეხმარება თავისუფალი/დამატებული შაქრების საერთო მიღების შემცირებაში. თუმცა მომხმარებელმა არ უნდა იფიქროს, რომ ასეთი პროდუქტის შეუზღუდავად მიღება შეიძლება. WHO რეკომენდაციას აძლევს თავისუფალი შაქრების მიღების შეზღუდვას, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. რეკომენდებულია მათი მიღება დღიური ენერგიის 10%-ზე ნაკლები იყოს, ხოლო დამატებითი სარგებლისთვის 5%-ზე ნაკლებ დონემდე შემცირება.
საბოლოოდ, სურსათის ეტიკეტზე წარწერა „შაქრის გარეშე“ მხოლოდ ერთი ინფორმაციაა და არა პროდუქტის სიჯანსაღის შეფასება. სწორი არჩევანისთვის საჭიროა ინგრედიენტების, შაქრების, ნახშირწყლების, ენერგეტიკული ღირებულებისა და პორციის ზომის ერთობლივად შეფასება.
გამოყენებული წყაროები